მთავრობა: საბჭომ განიხილა აბორტის საგანგაშო სტატისტიკა, დამატებითი ღონისძიებებია საჭირო

მთავრობა: საბჭომ განიხილა აბორტის საგანგაშო სტატისტიკა, დამატებითი ღონისძიებებია საჭირო

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და ის საჭიროებები, რომლებიც დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით არსებობს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას.

"საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას.
სხდომაზე უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინიციატივების პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს როგორც უკვე არსებული პროგრამების გაფართოებას, ისე ახალ პროექტებს. აღნიშნული ინიციატივების პაკეტს დემოგრაფიული საბჭოს მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფი უფრო დეტალურად პროექტების სახით წარადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

***

7 ნოემბერს აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდა - კერძოდ, ახალი ცვლილებების თანახმად, აბორტის მოსაფიქრებლად გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ამასთან, რედაქტირდება მედიკამენტური აბორტის შესახებ პუნქტებიც - 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.

რაც შეეხება 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს".

ასევე, ცვლილებებს ემატება პუნქტი, რომ აბორტის წინა კონსულტაციის და განსაზღვრული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის ამოწურვის შემდეგ პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო გახდება, რომ აბორტისწინა კონსულტაცია ჩატარდეს ექიმი მეან-გინეკოლოგის, ასევე, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ კონფიდენციალურ პირობებში სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.