მოსამართლემ ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო გირაო პატიმრობით შეუცვალა

მოსამართლემ ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო გირაო პატიმრობით შეუცვალა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეეცვალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვაბე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. პროცესს არ დაესწრო ნიკა გვარამია. ის რუსთავის ციხეში საკუთარი ფეხით მიდის.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა გვარამიამ Facebook-ზე დაწერა:

"არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს!".

17 აპრილს ნიკა გვარამიას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა. ის პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს და ბრალდება წარუდგინეს.

14 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.

ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.