მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებული - ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. მან გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ სათათბიროდ არც კი გასულა.

იქამდე კი მოსამართლემ მათ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა, რასაც ახლობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი სასამართლოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

საზოგადოებრივი ადვოკატების გამოძახების გადაწყვეტილება მოსამართლე ხუსკივაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატები უჰაერობაზე ალაპარაკდნენ და პროცესის დიდ დარბაზში გადატანას ითხოვდნენ, რაც მანამდე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული დაფიონის დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.