პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს განცხადებით ეხმაურება და ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს.
ზურაბიშვილის თქმით, "სრულიად მიუღებელი და სირცხვილია" სიტყვები, რომლებიც დღეს გააჟღერს ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ.
პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც "თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ".
"მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.
მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.
მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.
მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!", - წერს ზურაბიშვილი.
პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.