ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ქვეყანას ევროკავშირისგან სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა გარკვეული რეფორმებია გასატარებელი.
"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა. საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება", - წერს მიშელი Twitter-ზე.
ქართული ოცნების მიერ იმპიჩმენტის მუქარის ფონზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დღეს შეხვდა. იქამდე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.