რეგიონული განვითარებისდა ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე თბილისში ნაპოვნ პირთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი სახელი და გვარი არასწორად იყო მითითებული და ის შოვში საერთოდ არ ყოფილა.
მისი თქმით, მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება ონის მერიაში ამოქმედებულ ცხელ ხაზზე შევიდა, ხოლო მოგვიანებით, როცა ადრესატთან დეტალების დასაზუსტებლად დარეკვა სცადეს, ვერ დაუკავშირდნენ, ამიტომ პიროვნება ძებნილთა სიაში დატოვეს.
მისივე თქმით, მოახერხეს იმ ადამიანის დადგენა, ვინც შეტყობინება დატოვა და მასთან გასაუბრების აღმოჩნდა, რომ ბაზაში სახელი და გვარი არასწორად იყო მითითებული.
"როგორც კი მოხერხდა ინიციატორთან დაკავშირება, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი, ხოლო როდესაც ამ ინიციატორმა გაასწორა და თქვა, რომ არა ეს სახელი და გვარი კი არა ეს სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და უშუალოდ მასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ვყოფილვარ საერთოდ შოვის ტერიტორიაზე, შესაბამისად ეს პიროვნება უკვე ამ დაკარგულთა სიაში აღარ არის", - თქვა მინისტრმა. მის კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.
დღეს, 8 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, თბილისში იპოვეს.