მეზვრიშვილი: ამ დრომდე ოცნება და ComCom გვიზღუდავს უფასო რეკლამის განთავსების უფლებას

არჩევნებამდე დარჩენილია 12 დღე და ამ დრომდე ოცნება და მისდამი დაქვემდებარებული კომუნიკაციების კომისია პარტიას გახარია საქართველოსთვის გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის განთავსების უფლებას, ისე საეთერო დროს.

ხელისუფლება ზუსტად ისე გვებრძვის დღეს, როგორც 2012 წელს ნაცმოძრაობა ებრძოდა ოცნებას. ეს მაშინ, როცა ეს არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მოთხოვნებს და ეკუთვნის უფასო რეკლამა.

არჩევნებამდე 12 დღით ადრე მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამომრჩეველს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ინიციატივების შესახებ და ვუპასუხოთ ჩვენი მისამართით წარმოებულ მასშტაბურ ტყუილებს, დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რაც მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას.

ყოველდღე იმედის ეთერში ჩვენს გუნდზე გადის ყალბი სიუჟეტები ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრს არ ეძლევა იმავე ეთერში ტყუილებზე და სიყალბეზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

კომუნიკაციების კომისიამ და, უშუალოდ, კახა ბექაურმა განახორციელა ზეწოლა საზოგადოებრივ მუწყებელზე და აუკრძალა მას ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ხოლო ტელეკომპანია ფორმულა ჩვენი უფასო რეკლამის განთავსებისთვის დასაჯა და სამართალდამრღვევად ცნო.

როგორც ჩანს, კახა ბექაურს ეგონა, რომ იმედის და რუსთავი 2-ის სამართალდამრღვევად ცნობით უკანონობას დააბალანსებდა და კომისიას მიუკერძოებლის იმიჯს შეუქმნიდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებითაც პარტია გახარია საქართველოსთვის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის მორიგი მტკიცებულება შექმნა. კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კვლევების მიმართ კითხვები თავის დროზე არ არსებობდა და ახლა, ეს კითხვები კომისიამ ხელოვნურად გააჩინა, რომ ჩვენი რეკლამის განთავსება შეეფერხებინა.

მე, უბრალოდ, მოგიწოდებთ, გადახედოთ კახა ბექაურის ქონებას და დარწმუნდებით მის მოტივაციაში. მისი ერთადერთი მიზანია, ოცნებას არჩევნების გაყალბებაში, უსამართლო წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში დაეხმაროს და ამით შეინარჩუნოს ის დიდძალი ქონება, რომელიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ოცნების პირობებში დააგროვა.

თქვა ბრიფინგზე პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. გახარიას საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების გამო სასამართლომ ფორმულა 5 000 ლარით დააჯარიმა.