მეუფე ზენონი ოცნების ინიციატივაზე: მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შეცდომაა

მეუფე ზენონი ოცნების ინიციატივაზე: მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შეცდომაა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადების შესახებ ცნობას ეწინააღმდეგება.

მეუფე აღნიშნულ ცნობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას შეცდომას უწოდებს. ასევე ამბობს, რომ ეს ისევ სახელმწიფოს დააზიანებს.

"საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი.

ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, ინსტიტუციას, ეს განპირობებულია პირველ რიგში ეკლესიის ბუნებიდან. ამასთანავე, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს, ქვეყნის პოლიტიკური და სხვა გარემოებით შექმნილი კრიზისის დროს იქ, სადაც სახელმწიფოსთვის ან ხელისუფლებისთვის შესაძლოა კარი დაიხუროს. ამიტომ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა.

თუ გამიზნული განაცხადია, სხვა არაფერს მიეახლება გონება, თუ არა ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის ვერაგულ და ამავდროულად მდარე ჩანაფიქრს, რაც მხოლოდ საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს. ან კიდევ სამომავლო დიქტატურისა თუ ავტორიტარიზმის მომასწავებელ უბედურებას", - წერს მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში.

***

ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებას სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს. ინფორმაცია ფორმულას რამდენიმე წყარო უდასტურებს. ინიციატივა მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ფორმულამ გაარკვია, რომ შეთავაზება ქართული ოცნების მხრიდან უკვე გაცემულია, საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრები კი უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი შეხვედრა დღეს გაიმართა, რომელსაც მაღალი იერარქები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობილია, რომ 2002 წლის მსგავსად, პატრიარქი ილია მეორე ამ წინადადებას ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით ამის აუცილებლობა არ დგას და ასეთი ისტორიული მომენტი ქვეყანაში არ დამდგარა.

"სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ადრე წინააღმდეგი იყო პატრიარქი, ამიტომაც შემუშავდა ის კონსტიტუციური ხელშეკრულება და იქ როგორც განისაზღვრა ეკლესიის სტატუსი, დღემდე ამ აზრის არის ეკლესია. შეიძლება იყო ეს შემოთავაზება არაოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ დონეზე ეს არ ყოფილა. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ყოფილა, თვითონ სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილები. ერთი შეხვედრა დღეს იყო, როგორც ვიცი და კიდევ აპირებენ შეხვედრას. საბოლოო დასკვნა ეკლესიას ჯერ არ უთქვამს. საკითხი განიხილეს - ეს შემოთავაზება. ალბათ როცა იქ, ყრილობაზე გაჟღერდა [მაშინ მიიღეს შემოთავაზება]. შეხვედრას სინოდის წევრები ესწრებოდნენ, ოღონდ არა სრული შემადგენლობით. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო იგივე პოზიციაზე დარჩება", - თქვა საპატრიარქოს პრესასთან უფრთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მამა ლონგინოზმა სუარიშვილმა ფორმულასთან საუბარში.