საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. სავარაუდო მოწამვლის შემდეგ პირველი კომენტარი მან სამების ტაძრის დატოვების დროს ჟურნალისტებთან გააკეთა.
"მადლობა ღმერთს, გილოცავთ ყველას პეტრე-პავლობას, ღვთის შეწევნით ვარ კარგად. [...] ალბათ, უნდა ჩატარდეს [კვლევები], ექიმები გვირჩევენ. ზუსტად ახლა თქმა რთულია. იმედია, რომ გაირკვევა ეს ყოფითი მოწამვლაა, თუ გარკვეული ზემოქმედება იყო", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რომ შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს და ის უკვე გამოჰკითხეს.
"რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, იმის ირგვლივ ვისაუბრეთ", - აღნიშნა დეკანოზმა და დაამატა, რომ საპატრიარქოში საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
5 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.
6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო.