მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება

თბილისის მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიხურება – გადაწყვეტილება, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროებამ განაპირობა.

კალაძის თქმით, მეტროსადგურში სამუშაოები ვადაზე ადრე ვეღარ გაგრძელდა, რადგან საჭირო გახდა მოსაცდელი ბაქნის ჭერის ქვემოთ არსებული რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის დამატებითი კვლევა, რასაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნა და შემდგომი დიაგნოსტიკა დაემატა.

„გადავწყვიტეთ, რომ მეტროსადგური 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტოს. ამ პერიოდში განხორციელდება თაღის დაზიანებული ნაწილების გაწმენდა და გამაგრება, სიცარიელეების შევსება, ჭერის ნაკერების ჰერმეტიზაცია და თუჯის სამაგრების რეაბილიტაცია საესკალატორო გვირაბში,“ – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი მომზადდა უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით და მიზნად ისახავს უსაფრთხოების სტანდარტების სრულ დაცვას. სადგურის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.

მგზავრებს მოუწევთ ალტერნატიული ტრანსპორტის გამოყენება 45-დღიანი შეზღუდვის პერიოდში, თუმცა დამატებითი დეტალები ტრანსპორტის გადაადგილების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.