"მესმის, პოლიტიკა, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებების გაკეთებისგან" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ ქართული ოცნების დეპუტატების შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
კალაძეს ჰკითხეს, რატომ იყო განსაკუთრებული აგრესია ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ, რაზეც მან უპასუხა, რომ "დაკონკრეტება არასწორია და შეურაცხმყოფელი, აგრესიული განცხადებები ქალი დეპუტატების მხრიდანაც ხშირია".
"ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. რაღაც ხაზები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის, პოლიტიკა, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებების გაკეთებისგან.
ასე ნუ დავაკონკრეტებთ, ძალიან ბევრი შემთხვევაა იმ ქალი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული აგრესიის და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გვინახავს მათი მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფების. ეს არ არის ლამაზი ფორმა და ყველამ, მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის და ყველა უნდა ვეცადოთ, არ ვატკინოთ გული ერთმანეთს, არ მივაყენოთ ერთმანეთს ასეთი შეურაცხყოფები ზოგადად. იგივე თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც ისეთი განცხადებები გაკეთებულა, იგივე ჩემთან მიმართებაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართებოდა, რამხელა ცილისწამებები მოდიოდა. რაც არ უნდა სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვიმყოფებოდეთ, მგონია, რომ არასწორია ასეთი დამოკიდებულება", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.