მერცი: დასავლურმა ქვეყნებმა კიევს შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოუხსნეს

მერცი: დასავლურმა ქვეყნებმა კიევს შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოუხსნეს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განმარტა, რომ დასავლურმა ქვეყნებმა უკრაინას შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს.

"განლაგებული იარაღის მოქმედების რადიუსის შეზღუდვის საკითხმა რამდენიმე თვის და წლის წინ თავისი როლი ითამაშა. რამდენადაც მე ვიცი და როგორც გუშინ ვთქვი, ქვეყნებმა, რომლებმაც მოქმედების რადიუსის შეზღუდვები დააწესეს, დიდი ხანია უარი თქვეს ამ მოთხოვნებზე. ამ მხრივ, გუშინ ბერლინში აღვწერე ის, რაც თვეების განმავლობაში ისედაც ხდებოდა: კერძოდ, უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს მიღებული იარაღი, თუნდაც საკუთარი საზღვრების მიღმა, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ", - თქვა მერცმა ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

იგი განმარტავს, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის შედეგად უკრაინას უფლება ეძლევა გამოიყენოს პარტნიორებისგან მიწოდებული იარაღი რუსეთში მდებარე სამხედრო პოზიციებზე თავდასხმისთვის.

ცნობილია, რომ კიევმა შორ რადიუსზე მოქმედი აღჭურვილობა აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან მიიღო, მათ შორის ATACMS, Storm Shadow და SCALP რაკეტები.

თავდაპირველად, უკრაინას აღნიშნული იარაღების გამოყენება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსების წინააღმდეგ შეეძლო.