მერიაში ტყუილს უწოდებენ იმას, რომ ახალგაზრდა კაცი კალაძის გინების გამო დაჯარიმდა

მერიაში ტყუილს უწოდებენ იმას, რომ ახალგაზრდა კაცი კალაძის გინების გამო დაჯარიმდა

თბილისის მერია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა კაცი, ირაკლი მილაძე TikTok-ზე თბილისის მერის გინების გამო დაჯარიმდა. მერიაში ამბობენ, რომ ესაა "მორიგი პროვოკაცია" და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

"სტატია სათაურით - "კურიერმა კალაძეს TikTok-ზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა", ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიმართვის საფუძველზე, მოგვიანებით სტატიის სათაური უმნიშვნელოდ დაკორექტირდა.

როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა", - აცხადებენ მერიაში.

***

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების პრაქტიკებში გამოიკვეთა ახალი, სახიფათო ტენდენციები, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, TikTok-ის პლატფორმაზე 2022 წლის 10 დეკემბერს განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო კურიერი ირაკლი მილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მილაძემ TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: "ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ". ვიდეოში ის გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ, აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

საია-ს ინფორმაციით, ამ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ TikTok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ სოციალური ქსელი, მათ შორის TikTok, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.

სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ვიდეო შეიცავს "სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე", რაც სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედებაა.

ირაკლი მილაძე ყვება, რომ ვიდეოს ჩაწერიდან მეორე დღესვე მისი თვალთვალი დაიწყეს. ორი დღის შემდეგ კი როდესაც მოტოციკლეტით სახლიდან გამოვიდა, მარშალ გელოვანზე აგროჰაბთან გაჩერდა, რა დროსაც მას სამოქალაქო მანქანით პოლიციელები მიუახლოვდნენ. როგორც მილაძე ამბობს, მისი იდენტიფიცირების შემდეგ, პოლიციამ უთხრა, რომ მოტოციკლეტი დაეტოვებინა და მათ მანქანაში ჩამჯდარიყო. მილაძე ყვება, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც სხვა პოლიციელი იღებდა.

"მეუბნებოდნენ, რომ არავინ მაპატიებდა იმ გინებას", - იხსენებს მილაძე.

საია-ს ადვოკატი ჯგერენაია განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა ზემდგომს პატაკით მიმართა. პატაკში ეწერა, რომ სოციალურ ქსელში აღნიშნულ ვიდეოს წააწყდა და მიიჩნია, რომ აქ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნიშნები.