მერია: სიცრუეა, რომ მოზარდი პარკში თხრილში ჩავარდა, ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე მოხდა

მერია: სიცრუეა, რომ მოზარდი პარკში თხრილში ჩავარდა, ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე მოხდა

თბილისის მერია რიყის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ირწმუნება, რომ შემთხვევა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში თხრილში სკოლის მოსწავლე ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.

სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს"- ნათქვამია განცხადებაში.

ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

მათივე ცნობით, თხრილში დიდი რაოდენობით წყალი და ტალახი იყო, რის გამოც ბიჭის ამოყვანა ვერ მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.