
კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ გუშინ ის გაიტაცეს.
მან პროცესზე დეტალებზე ისაუბრა.
"მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, პატრულის ფორმაში გამოწყობილმა, ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა და მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა. ცხადი იყო მისი გამომეტყველებით, რომ ყველაფერი აინტერესებდა, გარდა მართვის მოწმობისა. ამ დროს მის რაციაში კითხვა გაისმა, "ობიექტი თუ იჯდა მანქანაში". გასაგები იყო უკვე, რა ხდებოდა.
დაახლოებით 11-მა პირმა გამიტაცა. არანაირი ნიშანი არ იყო, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. მოხდა გატაცება, ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა, ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წართმევა. ერთ-ერთი რამდენჯერმე ცდილობდა სახეზე ტელეფონის მოშვერას [ბლოკის მოსახსნელად], რაც ფურგონში ვერ მოხერხდა", - თქვა მელიამ პროცესზე.
ნიკა მელია გუშინ, 29 მაისს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს აიყვანეს, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.