მეინის შტატში 18 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული კაცი სამდღიანი ძებნის შემდეგ მკვდარი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, 40 წლის რობერტ კარდი გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, რომელიც მან თვითონ მიიყენა.
ლუისტონის მერიაში პრესკონფერენციაზე შტატის გუბერნატორმა ჯანეტ მილსმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ცხედარი ლისაბონში, მასობრივი სროლის ადგილიდან არც ისე შორს იპოვეს.
"შვებით ამოვისუნთქავ, რადგან ვიცი, რომ რობერტ კარდი არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს", - თქვა მან. მილსის განცხადებით, ეჭვმიტანილის ცხედრის აღმოჩენა საზოგადოებას "განკურნების გრძელ და რთულ გზაზე" დააყენებს.
შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისრის, მაიკლ საუშუკის განმარტებით, ცხედარი ადგილობრივი დროით 19:45-ზე მდინარე ლისაბონ ფოლსთან იპოვეს. ბევრი დეტალი არ მჟღავნდება, რადგან ჯერ მსხვერპლის ოჯახის წევრებთან სურთ გასაუბრება.
ეჭვმიტანილის ცხედრის პოვნას გამოეხმაურა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მან აღნიშნა, რომ ეს იყო "ტრაგიკული ორი დღე არა მხოლოდ ლუისტონისთვის, მეინის შტატისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის".
პრეზიდენტმა კონგრესში რესპუბლიკელებს მოუწოდა "ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შეასრულონ თავიანთი მოვალეობა" იარაღის კონტროლის გამკაცრებით.
ეჭვმიტანილის ძმის ცოლმა NBC-ის განუცხადა, რომ ოჯახი გააკეთებს ყველაფერს, რათა "სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარონ".
პატარა ქალაქ ლუისტონში თავდასხმა მოხდა ოთხშაბათს ადგილობრივ ბარსა და ბოულინგის მოედანზე. ორივე ლოკაცია ერთმანეთისგან 6,5 კილომეტრით არის დაშორებული.
თავდამსხმელმა შვიდი ადამიანი მოკლა ბოულინგის მოედანზე, ხოლო ბარში - 8, კიდევ სამი ადამიანის გარდაცვალება საავადმყოფოში დადასტურდა.