მედიის ადვოკატირების კოალიცია: სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა

მედიის ადვოკატირების კოალიცია: სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" ფორმულას ჟურნალისტ, ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი "მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა."

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ვახო სანაიას დაკავება გამონაკლისს არ წარმოადგენს, რადგანაც "ოცნების" მმართველობის პერიოდში მედიაზე და, ზოგადად, მოქალაქის თავისუფლებაზე თავდასხმამ სისტემური ხასიათი მიიღო.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახო სანაიას დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება იმ ახალ რეპრესიულ კანონს, რომლის საფუძველზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და აქციის მონაწილეები იდევნებიან. ტელეკომპანია ფორმულას განცხადებით, ვახო სანაიას დაკავება მიზნად ისახავს ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის დაშინებას.

მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში , როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო. მსგავსი ქმედებები შეტევაა არა მხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ.

კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ყველა მის კოლეგას და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ. ვითხოვთ ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - წერია განცხადებაში.

"ოცნების" პოლიციამ ვახო სანაია დღეს, 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის გამო დააკავეს.