მედიაკოალიცია: საზმაუ ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშაა, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას

მედიაკოალიცია: საზმაუ ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშაა, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას

მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების დახურვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გააკეთა.

კოალიცია მიუთითებს, რომ ეს შემთხვევა ერთგვარი გაგრძელებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს შეფასებას, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის ზეგავლენის ქვეშ არის, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისაგან, ასევე პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაუწყებლის პროგრამები უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და პლურალისტური, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და დემოკრატიულ დისკურსს უწყობს ხელს. გამჭვირვალობისა და სათანადო განმარტებების გარეშე პროგრამების დახურვა, განსაკუთრებით იმ გადაცემებისა, რომელთა ავტორები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ამცირებს მაუწყებლის მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პროგრამის დახურვას, როგორებიცაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა, შეეცვალა დაფინანსების მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა ტელევიზიის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდას. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო სისრულეში მოყვანილი და საბოლოოდ სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ იყო საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის - მათი შეფასებით, ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

მედიაკოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში.

კოალიცია, ასევე, მოაწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში.

***

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.

დათო გორგილაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ის ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ, 16 დეკემბერს გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, "რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება" მიუღებელია. მათ ეს გადაწყვეტილება "გაზრდილი კაპიტალური ხარჯებით" ახსნეს, რაც არხის განცხადებით,"სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება. მაგალითად, 2021 წელს დაფინანსება 69,6 მლნ ლარს შეადგენდა.

ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.