ქართული ოცნების წევრი ალუდა ღუდუშაური ფიქრობს, რომ ანა წითლიძეს ბოდიში არ უნდა მოუხადოს და მიიჩნევს, რომ მისი გუშინდელი განცხადება "სექსისტური არ არის".
"მე რა მაქვს საბოდიშო? [...] ანი წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოცირებას. არაფერი სექსისტური განცხადება არ ყოფილა აბსოლუტურად"- ამბობს ღუდუშაური.
31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძქალა" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: "მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".
მოგვიანებით ბერაიამ განაცხადა, "ბოდიშს იხდის", თუმცა აქვე დასძინა, რომ "წითელ ხაზებზე", რომელსაც არ შეეგუებიან. ამასთან, ის თავისი გამოსვლის გამართლებას იმით ცდილობდა, რომ ის აქუბარდიას განცხადებების "სიმძიმიდან გამომდინარეობდა".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.