სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, თბილისში, მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი და მათი მშობლები აქციას მართავენ. ისინი სკოლის შენობის აშენებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ახალი სტანდარტების სკოლის აშენების მოტივით დაანგრიეს, ადგილზე კი ახლა საპარკინგე სივრცეა.
მეოთხე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მშობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ შვილებს განათლების მიღება რთულ პირობებში უწევთ, ბავშვები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, რადგან სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილეს.
"ურთულეს პირობებში გვიწევს განათლების მიღება და 21-ე საუკუნის ტრაგედიაა, რომ სასწავლო წლის პირველ დღეს ჩემი შვილი და მისი მეგობრები ხვდებიან ქუჩაში, რომ მშობელი მაიძულეს ქუჩა გადამეკეტა და ყველაფერს მოვწყდი დღეს, არ არის ეს ჩვენთვის მისაღები, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს უბრალოდ", - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
შენობის არარსებობის, დაუსრულებელი მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რემონტის გამო, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი მოსწავლე დღეს სხვა სკოლის შენობაში წავიდა.
თემაზე განცხადება განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმაც გააკეთა. მან თქვა, რომ სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად 2 წელიწადში დასრულდება.
"10-მდე ასეთი სკოლა გვაქვს, სადაც მოხდა კონტრაქტორების მხრიდან ვადაგადაცილება და დროულად ვერ მოახერხეს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის დასრულება. ჩვენი მხრიდან გამკაცრებულია კონტროლი იმ კონტრაქტორებზე, ვინც ახორციელებს სკოლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სანქციები იქნება გამოყენებული და გამოვიყენეთ უკვე ასეთი კონტრაქტორების მიმართ, ვინც ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში ვადაგადაცილება მოახდინა", - განაცხადა მინისტრმა.