ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის მამუკა მდინარაძის მტკიცებით, რუსული კანონის ნაცვლად, "ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს" მიიღებენ.
მდინარაძე ირწმუნება, რომ პარლამენტის მიერ შარშან მიღებული რუსული კანონი ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობის "მსუბუქი ვერსია" იყო, მის ნაცვლად კი "ახალ, ამერიკაში მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს" მიიღებენ.
"დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. [...]
შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას.
ამიტომ, მის ნაცვლად მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ, მის სრულფასოვან ამოქმედებას", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ის კვლავ "საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის, წნეხისა და ზეწოლის" კონსპირაციაზე საუბრობს და "უფრო მკაცრი რეაგირებით" იმუქრება.
"პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს და მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა", - ამბობს ის.