მდინარაძის აზრით, პრეზიდენტი თურნავაზე "ფსიქოლოგიური ზეგავლენის" მოხდენას ცდილობს

მდინარაძის აზრით, პრეზიდენტი თურნავაზე "ფსიქოლოგიური ზეგავლენის" მოხდენას ცდილობს

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ნათია თურნავას "დაბულინგებას" და თანამდებობიდან მის ასე გადაყენებას ცდილობს. მამუკა მდინარაძის შეფასებითვე, ზურაბიშვილი ცდილობს "ფსიქოლოგიური ზეგავლენის" მოხდენასაც.

"ჩვენ ვნახეთ კლასიკური მაგალითი დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ზეწოლის, თავდასხმის და მცდელობა იმისა, რომ დააბულინგოს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი და ამგვარად გადააყენოს თანამდებობიდან. ანუ, თვითონ საუბრობს რაღაც სპეკულაციურ ზეწოლაზე და არარსებულზე, თავად აკეთებს იმას, რასაც თვითონ ებრძვის.

ცდილობს ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე და გადააყენოს ამ მიზნით ის თანამდებობიდან. თან არგუმენტი მოიყვანა, რომ ჩემი წარდგენილია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამიტომ უნდა გადადგესო. ვისი არჩეულიც არის, იმ ადამიანებში, ალბათ, რამდენიმე ერთეული აღარ მოიძებნება, ვისაც მოსწონს სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა მან.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.