ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მთავრობის ნებართვების გარეშე ვიზიტებით ევროპელი ლიდერები "უხერხულ მდგომარეობაში" ვარდებიან. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა და საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
"ოთხი დღე დაიკარგა ადამიანი, ოთხი დღე გაქრა საერთოდ და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში და ისეთ ლიდერთან, რომელთანაც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი - ანუ, დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ფუთავს და ამ შეფუთვის იმედად, რომ "მე ვითხოვ ქვეყნის ევროპულ მომავალს და სტატუსს, სადაც მინდა იქ ჩავალ და როგორც მინდა ისე დავარღვევ კონსტიტუციას".
ამ შეფუთვის იმედად მერე ნაცების და მათი მთელი კლასტერიც მხარს უჭერს და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ევროპელი ლიდერებიც, ბუნებრივი ამბავია, იქიდან გამომდინარე, რომ რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც ასე დაუკითხავად დაადგება სხვა ქვეყნის პრეზიდენტი? რას ეტყვიან - შენ როგორ გაბედე და შენი ქვეყნის მთავრობის ნებართვის გარეშე როგორ წამოხვედიო? იმდენად უხერხულ მდგომარეობას ქმნის, იმდენად დამაზიანებლად იქცევა, რომ შემდეგ შეფუთვაც აღარ შველის ამას", - განაცხადა მან.
დღეს, იმპიჩმენტის მუქარიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.