მდინარაძე პროპაგანდისტულ, ჰომოფობიურ ინიციატივაზე: გვაინტერესებს, ვინ გაბედავს დაუპირისპირდეს

მდინარაძე პროპაგანდისტულ, ჰომოფობიურ ინიციატივაზე: გვაინტერესებს, ვინ გაბედავს დაუპირისპირდეს

"ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს!" - ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოცნების ჰომოფობიურ, პროპაგანდისტულ ინიციატივაზე.

ის პირდაპირ ამბობს, რომ დაანონსებულ კანონპროექტში ძირითადი აქცენტი "ლგბტ პროპაგანდაზე" იქნება.

"ძირითადად, აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებზე და სხვა საკითხებში ზედმეტ ჩარევას არ ვაპირებთ [...] ჩვენ ახლა, გამოწვევების პროპორციულად და სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, აი, ამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას და მეორე მხრივ, არათუ შელახავს და შეამცირებს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, განსაკუთრებით იმ ადამიანის უფლებებს, ვისაც ზოგადად, ეხება ეს თემა - არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს ვგულისხმობ, არამედ გააძლიერებს მათი უფლების დაცვას", - ამბობს მდინარაძე.

მდინარაძე ირწმუნება, რომ არათუ ერთი წლის, არამედ ერთი კვირის წინაც კი არ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული და ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე გუშინ იმსჯელეს. მისი მტკიცებით, "გამოწვევები ყოველდღიურად იზრდება" და სწორედ ამას უკავშირდება რიტორიკის ცვლილებაც.

"უკვე მეორე დღეა ჩვენ გავახმოვანეთ ეს საკითხი და მეორე დღეა, ჩვენი ოპონენტებისგან ვერ ვიღებთ პრინციპულ პოზიციას, საჭიროა თუ არა დავუპირისპირდეთ ამ მავნე პროპაგანდას. არც ერთ მათგანს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამოეფარნენ რამდენიმე ჟურნალისტს, კანტიკუნტად და ბუნდოვნად ჩანან ადამიანები, რომლებიც რაღაცა ჩემს შარშანდელ კომენტარს იღებენ და აი, წელს რატომ შეცვალეთ [რიტორიკაო], იმიტომ შევცვალეთ, რომ წელს უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდექით".