მე უფრო მეტს გეტყვით, თქვენ კიდევ რბილად თქვით, კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა, ჩემი გადასახედიდან, ბორელმა, მაგალითად, იმპიჩმენტის საკითხი და სხვა მკაცრი და საკმაოდ ნეგატიური გზავნილებიც იყო - პოზიტიურიც იყო, უნდა ვთქვათ, ძალიან პოზიტიური გზავნილებიც იყო, მაგრამ ნეგატიური გზავნილებიც იყო.
ძალიან მენიშნა, მე პირადად, ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს მის წარუმატებლობას. მე ვფიქრობ, რომ შედარება, თუ ნებად დამრთავთ და არ გავკადნიერდები ალბათ და გავაკრიტიკებ ამ მოსაზრებას იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი შედარებაა, ჩემი აზრით. არ მგონია, რომ ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც რომელიმე პროფესორის ან რომელიმე სტუდენტის ცოდნა, ეს ერთი.
და მეორე, არის შემთხვევები, როდესაც პროფესორები არასამართლიანად უწერენ დაბალ ქულას სტუდენტებს, ასეთი შემთხვევებიც გვხვდება. ასეთ მოვლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე და ასე აფასებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ, პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს.
დღეს ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ამ დრომდე, სრულად მხოლოდ 3-ია შესრულებული. ბორელმა შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამოც, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის წევრია და EU მას არასდროს მიატოვებს.