"დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ", – ამის შესახებ ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდაჭერის გამო სავარაუდო სანქცირებაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა.
"მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის რომ დაასანქცირებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დაველოდები, ერთი რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით. აი, დიდი სიამოვნებით", - ამბობს მდინარაძე.
26 აპრილს 14-მა სენატორმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს კანონის გაწვევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის პირობა დადო.
წერილში სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიცირებული "უცხოური აგენტების კანონპროექტი" კანონი გახდება, ისინი იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
სენატორები პოლიტიკის ცვლილებაში რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა.
დღევანდელ ბრიფინგზე კი მდინარაძე ამბობს, რომ "იმ ამერიკელ სენატორებს" აშშ–საქართველოს ურთიერთობების გადახედვის შესახებ თავადაც მოუწოდებენ.
"უნდა გაიხსნას ვიზა, თავისუფალი უნდა იყოს გადაადგილება, პარტნიორებს და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც არ არის დღეს, თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ გვაქვს დღეს, ესენი უნდა გაიხსნას და თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით არა, ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, უნდა შემოვიდეს მეტი ინვესტიცია აშშ-დან.
ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს, დიახ, უნდა გადაიხედოს. ჩვენია ასეთი თხოვნა და მოთხოვნაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების მიმართ, თუ მართლა ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, ამ დამოკიდებულებას შესატყვისი თანხვედრა სჭირდება მათი დამოკიდებულების", – თქვა მდინარაძემ.