მარტის აქციების დროს დაკავებულ თორნიკე აკოფაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000-ლარიანი გირაო დააკისრა. ამის შესახებ ფორმულას აკოფაშვილმა თავად დაუდასტურა.
აკოფაშვილი 10 მარტს 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალად საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა. საქმის წარმოება 19 ოქტომბერს დასრულდა.
***
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.