მარიხუანისა და კანაფის ფლობაზე, ან მოყვანაზე სასჯელები მკაცრდება

მარიხუანისა და კანაფის ფლობაზე, ან მოყვანაზე სასჯელები მკაცრდება

"ქართული ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლებითაც მარიხუანისა და კანაფის ფლობაზე, ან მოყვანაზე სასჯელები მკაცრდება.

ცვლილებების მიხედვით, კანაფის 10-დან 155 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 10-დან 140 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 5-დან 70 გრამამდე შეძენა და შენახვა 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.

უკანონო დამზადება და გადაზიდვა კი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

უფრო დიდი რაოდენობით, კერძოდ, მცენარე კანაფის 155-დან 750 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 140-დან 500 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 70-დან 250 გრამამდე შეძენისა და შენახვის გამო, ადამიანს ციხეში 5-დან 8 წლამდე პერიოდის გატარება მოუწევს. ამავე ოდენობით აღნიშნული საშუალებების დამზადება და გადაგზავნა კი 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას გამოიწვევს.

ცვლილებებით გამკაცრდა კანაფის მოყვანასთან დაკავშირებული სასჯელებიც. 155 გრამამდე კანაფის მოყვანისთვის, პირს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. ალტერნატიული ზომებია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა.

ამასთანავე, თუ აქამდე მცირე რაოდენობით მარიხუანის მოყვანისთვის ადამიანი 500 ლარით დაჯარიმდებოდა, ახლა იგივე ქმედება 500-დან 5000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრების ვადა კი 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა.

ამავე ინიციატივის მიხედვით, 260-ე მუხლს დაემატება ჩანაწერი, რომელიც მარიხუანასა და კანაფს სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს უთანაბრებს.