მარგუს ცაჰკნა: განვიხილავთ, რა მოვიმოქმედოთ - მმართველი პარტია არ აპირებს EU-სკენ სვლას

მარგუს ცაჰკნა: განვიხილავთ, რა მოვიმოქმედოთ - მმართველი პარტია არ აპირებს EU-სკენ სვლას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით განიხილავენ, რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადადგას EU-მა.

მისი თქმით, ნათელია, რომ ქართული ოცნება არ აპირებს ქვეყანა ევროკავშირისკენ წაიყვანოს.

"მეორე საკითხი ეხება საქართველოს - ჩვენ შეწუხებულები ვართ და დღეს გავმართავთ დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რადგანაც ნათელია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა წაიყვანოს ევროკავშირისკენ გზით, როგორც ამბობდნენ და გვპირდებოდნენ. ასე რომ, ეს საინტერესო დისკუსიაა, რადგანაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ გვაქვს მხედველობაში რამდენიმე ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - თქვა მან.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საქართველო უკრაინის შემდეგ დღის წესრიგში მეორე საკითხია.

როგორც ცნობილია, განიხილება დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მიმართ განსახორციელებელ ნაბიჯებს მოიცავს. მათ შორის, დაფინანსების შეწყვეტა და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება.