უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი. მისი თქმით, ფრონტზე სიტუაცია იცვლება.
"ქალაქ ბახმუტში მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებს. ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ქალაქი. ფრონტზე ვითარება უმნიშვნელოდ, მაგრამ გარკვეულწილად იცვლება", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში, მტერი აღმოსავლეთით რამდენიმე მიმართულებით მიიწევდა, მათ შორის, ავდიივკას, მარინკას, ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით. ბოლო პერიოდში კი რუსული ძალები შახტერსკისა და კუპიანსკის მიმართულებით გააქტიურდნენ.
"ამ დროის განმავლობაში, მტერმა ვერ მიაღწია დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების საზღვრებს. მტერი დაიღალა, ახლა ჯარებს ცვლის და გადაჯგუფდებიან", - განაცხადა მალიარმა.
27 მაისს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა მისი დაქირავებული მებრძოლების ბახმუტიდან გაყვანა დაიწყო, რათა პოზიციებზე კონტროლი რუსეთის არმიის რეგულარული ჯარებისთვის გადაეცა.