უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ.
"მტერი აგრძელებს შეტევას კუპიანსკის, ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. უკრაინელმა დამცველებმა მთელი ძალით შეაკავეს მტერი და წარმატებას მიაღწიეს. მძიმე ბრძოლები ახლაც გრძელდება.
ბახმუტის მიმართულებით, სამხრეთ ფლანგზე [უკრაინელ დამცველებს] წინსვლა აქვთ. ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი გვიტევს, ცდილობს დაკარგული მიწის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, შეტევითი ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დაბომბვის ინტენსივობა ოდნავ შემცირდა.