უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ოკუპანტები უფრო ინტენსიურად იყენებენ მძიმე არტილერიას ბახმუტის მიმართულებით.
"ბახმუტში გაიზარდა მძიმე არტილერიისა და საჰაერო დარტყმების გამოყენების ინტენსივობა. მტერი უბრალოდ მიწასთან ასწორებს ქალაქ ბახმუტის შენობებსა და ნაგებობებს.
ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან. ლიმანის, ავდეევკას, მარინკასა და კუპიანსკის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მალიარი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინის დამცველებმა განახორციელეს როგორც თავდაცვითი, ასევე აქტიური თავდასხმის ოპერაციები.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების მიზნით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერელებთან" აქტიურად თანამშრომლობს.