
როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერის კანდიდატის წარდგენას - არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მე წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, თუმცა როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერი კანდიდატის წარდგენას. დავიცვათ პროცედურები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენა ფორმალურად მოხდეს. მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, რომ არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყო მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. დავუცადოთ სულ რამდენიმე დღე ამ პროცესებს და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. სანამ ფორმალური პროცედურები არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იყოს წარდგენილი, მაგრამ დღევანდელ მერს, კახა კალაძეს აქვს გამოთქმული სურვილი და ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატად, ამიტომ დღეს სხვა მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მაინც ფორმალური პროცედურების დასრულებას დაველოდები“, - განაცხადა მახაშვილმა.