მაღაროელი, გიორგი კუპატაძე, რომელმაც გუშინ პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ამბობს, რომ ჯორჯიან მანგანეზმა ისინი უკიდურესი ზომების მიღებამდე მიიყვანა - მისი თქმით, კომპანიის არცერთი წარმომადგენლის დანახვა არ სურს.
"გადავიღალეთ, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან? ეს უნდათ? ჩვენ არ ვართ მაზოხისტები, არ გვსიამოვნებს ჩვენი ორგანიზმის დაზიანება, ეს არ არის მიღებული, მაგრამ მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ. ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად, თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინათ თავისით ხელფასი. ხელფასის მატება ჩვენ ისედაც გვეკუთვნოდა. ამათმა ტკეპნეს, ტკეპნეს, გვევაჭრებიან, ამის გამო, უარს ვაცხადებ მაგათთან... მაგათი დანახვა არ მინდა, ამიტომ ამოვიკერე თვალები", - განაცხადა მან.
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტს თბილისში აგრძელებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს თბილისში, პარლამენტთან, 16:00 საათზე აქციას გამართავენ.
დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა.
18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.