ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება მისი "დაჟინებული მოთხოვნა" იყო. მისივე თქმით, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყოყმანი არ იქნება.
"არ მგონია, ვინმეს მოუნდეს ისეთ ქვეყანასთან ომი, რომელსაც ასეთი იარაღი აქვს. ეს შეკავების იარაღია", - თქვა ლუკაშენკომ.
ტაქტიკური იარაღის განთავსების მიზეზებზე ლუკაშენკომ თქვა: "რაშია საჭირო? რომ ვიღაც ნაძირალების ფეხი აღარ დაიდგა ბელარუსის მიწაზე".
როგორც ლუკაშენკომ განმარტა, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება მისი თხოვნა და დაჟინებული მოთხოვნა იყო რუსეთის მიმართ, რათა უსაფრთხოების გარანტიები ჰქონოდათ.
ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე საუბარი პუტინმა 2023 წლის მარტში დაიწყო. აშშ-მა და NATO-ს ქვეყნებმა რუსეთისა და ბელარუსის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს იმ ფონზე, რომ უკრაინაში ერთ წელზე მეტია რუსეთი აგრესიას არ წყვეტს. დასავლეთში რუსეთის ქმედებას "ბირთვული შანტაჟი" უწოდეს.
მოსკოვმა უკვე გადასცა მინსკს სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი", რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეეძლება და ბელარუსულ თვითმფრინავებს განახლებაში დაეხმარა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის თქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება 7-8 ივლისის შემდეგ დაიწყება.