ლუკაშენკოს როლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ორგანიზებაში - მისი ინტერვიუ Time-თან

ლუკაშენკოს როლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ორგანიზებაში - მისი ინტერვიუ Time-თან

ბელარუსის დიქტატორი, ალექსანდრ ლუკაშენკო ჟურნალ Time-თან ინტერვიუში საუბრობს უკრაინის ომზე, ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე და მის როლზე ამ შეხვედრის ჩატარებაში.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ბელარუსი თვეების განმავლობაში მუშაობდა ტრამპის გარემოცვასთან, როგორც პუტინის სიტყვების გადამცემი. ლუკაშენკო ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკელებს არწმუნებდა, რომ კრემლი მზადაა მოლაპარაკებებისთვის და თან აძლევდა "ტაქტიკურ რჩევებს" როგორ შეინარჩუნონ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.

მან აშშ-ის წარმომადგენლებს ისიც განუცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევით, ტრამპს "ნობელის მშვიდობის პრემიას ლანგარზე მიართმევდნენ."

ლუკაშენკო თვლის, რომ მოლაპარაკებები და მისი წარმატებით დასრულება მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის ჩართულობითაა შესაძლებებლი.

მისი აზრით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასავლეთ ევროპას "არაფერი ესაქმება", ხოლო ზელენსკი ამ პროცესში მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერთოს, როცა გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული.

ბელარუსის დიქტატორს ტრამპის ულტიმატუმები პუტინის მიმართ არასერიოზულად მიაჩნია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, "მისი ტონი და ფორმატი, სულ მცირე, საწყის ეტაპზე, რუსებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი შინაარსი" - თქვა მან.

ლუკაშენკოს თქმით, ვაშინგტონმა მოლაპარაკებების პროცესი ფრთხილად უნდა წარმართოს. მისი თქმით, პუტინს შეუძლია ტრამპს უთხრას: "ჯოჯოხეთშიც წასულხარ", მაგრამ იგი ამას არ აკეთებს, რადგანაც აშშ-ის პრეზიდენტისგან ჯერ უპატივცემულობა არ უგრძვნია.

ლუკაშენკო ფიქრობს, რომ მთელი ეს ამბავი [სამშვიდობო მოლაპარაკებები] შეიძლება ჩაიშალოს, თუ ტრამპი პუტინს საკმარისი პატივისცემით არ მოექცევა.

"შენ ყველაფერი კარგად უნდა წარმოაჩინო. მშვიდობის სახელით, შესაძლოა, ცოტა იეშმაკო კიდეც და დათმობებზე წახვიდე. მაშინაც კი, თუ პუტინს ვერ გაუგებ, მოეპყარი მას როგორც ადამიანს", - თქვა მან.

ამ მხრივ, ლუკაშენკომ ზელენსკი გააფრთხილა. კერძოდ, სტამბოლის მოლაპარაკებებზე საუბრისას მან თქვა, რომ უკრაინის ლიდერმა პუტინს "პირობები უკარნახა, მუშტები აბრახუნა." ეს კი, მისი თქმით, პუტინის შეურაცხყოფაა, რასაც თუ თვითონ კრემლის ლიდერი დაივიწყებს, "რუსეთი არ აპატიებს."

ლუკაშენკომ საუბრისას არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა: უკრაინის წინააღმდეგ გახშირებული იერიშების მიუხედავად, რუსეთის ლიდერი მზადაა "კეთილსინდისიერი" მოლაპარაკებებისთვის.

ინტერვიუში ჩანს, რომ ბელარუსის დიქტატორი თავს ორ დიდ ძალას შორის შუამავლად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლია პუტინის განზრახვების წაკითხვა და შემდეგ ვაშინგტონისთვის მათი "გადათარგმნა."

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისიდანვე მინსკს აშშ-ის არაერთი წარმომადგენელი ეწვია. ამგვარი ვიზიტებისას ლუკაშენკო მათ წინასწარ აფრთხილებდა, რომ მისი რუსეთის წინააღმდეგ ერთგვარ ჯაშუშად ჩამოაყალიბის მცდელობა "ტყუილი დროის კარგვა იქნებოდა."

ავტორი ასევე წერს, რომ მისი პოზიცია ყოველთვის მკაფიოდ იკვეთებოდა: მინსკი კრემლის ზურგს უკან არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.