ლიბანში ჰეზბოლას ასობით წევრის პეიჯერი აფეთქდა - ჰეზბოლა ისრაელს ადანაშაულებს

ლიბანში ჰეზბოლას ასობით წევრის პეიჯერი აფეთქდა - ჰეზბოლა ისრაელს ადანაშაულებს

ლიბანური მედია წერს, რომ ლიბანში, ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ასობით წევრის პეიჯერი აფეთქდა, რის შედეგადაც 3 000-მდე ადამიანი დაშავდა, 10-მდე კი დაიღუპა.

მედიის თანახმად, ისრაელის სპეცსამსახურებმა, სავარაუდოდ, ჰეზბოლას წევრების პეიჯერები გატეხეს და მათზე თვითლიკვიდაციის ფუნქცია გაააქტიურეს.

ჰეზბოლა პეიჯერების მასშტაბურ აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით ემუქრება. დაჯგუფება აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი "ისრაელის კრიმინალურმა აგრესიამ" გამოიწვია.

"შურისძიება იქნება, საიდანაც მტერი ელის და არ ელის", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით, ისრაელს ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია, თუმცა მედიები წერენ, რომ ისრაელის მთავრობის წევრები თავდაცვის სამინისტროში იკრიბებიან.