სხვა დრო რომ ყოფილიყო, შემეძლო მემსჯელა იმაზე თუ რა პრობლემები გვაქვს დემოკრატიაში, რა კარგია ევროკავშირი, რა კარგია თავისუფლება და რა ცუდია რუსეთი, მაგრამ ახლა ამ სიტყვების დრო არ არის, ახლა არის მოქმედების დრო, ამიტომ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა - ყველანი ქუჩაში, ყველანი გარეთ, აქციაზე, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია, სამშობლო რუსეთის პროვინციად ქცევისგან და ამისათვის ერთადერთი გამოსავალია ახლა ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური და ორგანიზებული პროტესტი საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ბევრი ლაპარაკი, ქარდების დადება, სთორების დადება - ამის დრო წავიდა, ახლა არის ერთად დგომის დრო და ყველამ ეს უნდა აკეთოს.
მინდა მივმართო ყველას - სტუდენტებს ჩემი მიმართვა არ სჭირდებათ, მაგრამ მივმართავ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, მსახიობებს თეატრიდან, კინოდან ყველას, საჯარო მოხელეებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც ახლა ევროპულ ქალაქებში საელჩოებში სხედან, ამ ადამიანებს მივმართავ, რომ ახლა არის დრო, რომ გამოხვიდეთ და ჩვენთან ერთად დადგეთ. განსაკუთრებით მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც ფიზიკურად მეტად დგომა შეუძლია ჩვენთან ერთად - ამ ადამიანებს სჭირდებათ თქვენგან დაცვა. ფეხბურთელები იქნებით, მოჭიდავეები, ძიუდოისტები თუ კარატისტები, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველა უნდა დავდგეთ ერთად, ყველამ უნდა დავიცვათ ერთმანეთი ამ რუსული აგრესიისგან და უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ვინც ამას გააკეთებს, ყველანი ვიქნებით დიდი მეგობრები.
აცხადებს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ფორმულასთან საუბრისას.