ლაზარე გრიგორიადისის მამამ პირი და თვალი ამოიკერა

ლაზარე გრიგორიადისის მამამ პირი და თვალი ამოიკერა

მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამამ პროტესტის ნიშნად პირი და თვალი ამოიკერა. ამ წუთებში პარლამენტთან გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქტივისტის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, აქცია- არა რუსულ მთავრობას, 2 კვირის წინ პარლამენტის შენობის წინ დაიგეგმა, თუმცა მას შემდეგ რაც 19 ივნისს ტერიტორია გაფიცულმა მაღაროელებმა დაიკავეს, მან აქციის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.

* * *

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.