ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასწრებაზე უარი თქვეს. უარის მიზეზი შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობაა.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც "ღრმად წუხან გადაწყვეტილების გამო", რომლის მიხედვითაც, სკოპიეში, ეუთოს-მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში სერგეი ლავროვი იღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ სერგეი ლავროვის მონაწილეობა ღონისძიებაში "რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ საშუალებას მისცემს". გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ მისი მონაწილეობა "ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან შეგუების რისკს".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.
ცოტა ხნის წინ, სამიტზე არდასწრებასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება.
რაც შეეხება საქართველოს, გამოცემა ეხო კავკაზა წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება სამიტს.