რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით, "კოლექტიური დასავლეთი პროვოცირებს შიდა კონფლიქტებს და საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს".
რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, ამის შესახებ სერგეი ლავროვმა დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა რიგით მე-20 შეხვედრაზე ისაუბრა.
"კოლექტიური დასავლეთი პროვოცირებს შიდა კონფლიქტებს, დაძაბულობის კერებს, არც სხვადასხვა ბინძურ გეოპოლიტიკურ ტექნოლოგიებს უგულებელყოფს - დაწყებული მასშტაბური საინფორმაციო ომებით, დამთავრებული პირდაპირ ფერადი რევოლუციების ორგანიზებით, როგორც ახლა ამის გაკეთებას საქართველოში ცდილობენ", - ირწმუნება სერგეი ლავროვი.
სერგეი ლავროვი ასევე ირწმუნება, რომ დასავლეთი აქტიურად იყენებს "სამხრეთისა და გლობალური აღმოსავლეთის ქვეყნების შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელს".