რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ვაშინგტონის შესაძლო გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ATACMS-ს ტიპის რაკეტები მიწოდებაზე, პროპაგანდისტული განცხადებით ეხმაურება. მისი თქმით, აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.
"რაც ხდება, არის ის, რომ უკრაინას მრავალი წელია ამზადებენ, რათა საკუთარი სხეულით იბრძოლოს იმისთვის, რომ სტრატეგიული მარცხი მიაყენოს რუსეთს. რაც არ უნდა თქვან, ისინი [აშშ] ხელმძღვანელობენ ამ ომს, ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით, დაზვერვით, სატელიტური მონაცემებით. ისინი აწარმოებენ ომს ჩვენ წინააღმდეგ", - თქვა ლავროვმა.
ATACMS-ის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემისკენ ბაიდენს რესპუბლიკელმა სენატორებმა მოუწოდეს. მათი განცხადებით, ამის გადადება კიდევ უფრო დააზიანებს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებსა და კონფლიქტს გაახანგრძლივებს.
ასევე, ამბობენ, რომ უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება მაქსიმალურად გაზრდის ამჟამინდელი კონტრშეტევისა და შემდგომის საბრძოლო ოპერაციების წარმატების ალბათობას.