ლატვიის სეიმმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სეიმის პრესსამსახური ავრცელებს.
სეიმის ევროპულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ლატვიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შეახსენოს პარტნიორებს ევროკავშირში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინც თავისუფლებას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას უჭერს მხარს.
"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს EU-სთან კიდევ უფრო დასაახლოებლად, როგორც ღირებულებების, ისე მმართველობის კუთხით", - ნათქვამია სეიმის განცხადებაში.
გარდა ამისა, დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება წლის ბოლომდე დაამტკიცონ.
ორი კანდიდატ ქვეყანას კი მოუწოდებენ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარება გააგრძელონ.