ლატვია კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის 10 მოქალაქეს სანქციებს უწესებს და ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი Twitter-ზე წერს და სანქციების დაწესებისკენ ევროკავშირსაც მოუწოდებს.
"ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ, რომელიც რუსეთის სასამართლომ დღეს გამოაცხადა. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ამ ყალბი საქმის თანამონაწილეები არიან. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები"- წერს რინკევიჩი.
რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.
კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".