ლაშხი: ჩემი, როგორც კანონმდებლის, დედის ფუნქციებში შედიოდა გასაჩივრება

ლაშხი: ჩემი, როგორც კანონმდებლის, დედის ფუნქციებში შედიოდა გასაჩივრება

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი, რომლის საჩივრის საფუძველზეც 2 ახალგაზრდა ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს, ამბობს, რომ მისი, როგორც "კანონმდებლის, მოქალაქის და დედის ფუნქციებში რაც შედიოდა, იყო გასაჩივრება".

ასე უპასუხა მან ფორმულას ჟურნალისტის კითხვას ქართული ოცნების ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ფრაქცია ქართული ოცნება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რამდენად სამართლიანად მიაჩნია ეს, რაზეც მარიამ ლაშხმა უპასუხა:

"ჩემი, როგორც კანონმდებლის, მოქალაქის, დედის ფუნქციებში რაც შედიოდა, ეს იყო გასაჩივრება, დანარჩენი არის სამართალდამცველი, რომელიც კვალიფიკაციას აძლევს დანაშაულს და შესაბამისი განაჩენი [გამოაქვს]", - ამბობს მარიამ ლაშხი.

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.

შემთხვევა 17 მაისს მოხდა. 3 აქტივისტს მარიამ ლაშხმა უჩივლა. მისი მტკიცებით, აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს.