ლას-ვეგასის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.
პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა არ გაასაჯაროვა, ამასთან არ გაავრცელა ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ. ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის შერიფის თქმით, დაჭრილი სტაბილურ მდგომარეობაშია.
პროფესორმა ვინსენტ პერსმა ერთ-ერთ ტელევიზიას განუცხადა, რომ გასროლის ბევრი ხმა გაიგონა, შემდეგ კი კამპუსში დაიმალა.
"ვიტყოდი, შვიდი-რვა გასროლა იყო, ერთმანეთის მიყოლებით. როგორც კი ეს გავიგონეთ, შიგნით დავბრუნდით და მივხვდით, რომ ეს ნამდვილი სროლაა და კამპუსში აქტიური მსროლელია", - თქვა მან.
სროლის შესახებ პოლიციაში ინფორმაცია ადგილობრივი დროით 11:45-ზე მიიღეს. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი სასიკვდილოდ კამპუსის პოლიციამ დაჭრა.
შერიფის თქმით, სროლა ბიმ ჰოლის მეოთხე სართულზე დაიწყო, შენობაში, სადაც უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა მდებარეობს, შემდეგ კი სხვა სართულებზეც გადაინაცვლა, თავდამსხმელის "ნეიტრალიზებით" კი გარეთ დასრულდა.