ლანდსბერგისი: მადლობა ვენეციის კომისიას კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის

ლანდსბერგისი: მადლობა ვენეციის კომისიას კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, მადლობას უხდის კომისიას კანონის გაუქმების "ძლიერი რეკომენდაციისთვის".

"როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ", - წერს ის X-ზე.

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.

კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს".