მთელი ამ დღეების განმავლობაში ვიყავით ჩუმად, მთელი ყურადღება იყო შოვის ტრაგედიაზე და ვფიქრობდით, რომ ხელისუფლება ახლა დაკავებულია იმ ადამიანებით, ვინც მოყოლილები არიან მეწყერში და ჩვენც მთელი ყურადღება იქით გვქონდა გადატანილი, რომ როგორმე ვინმე ცოცხალი ენახათ, ვინმე გადაერჩინათ, ვფიქრობდით, რომ ჩვენ თავს ჩვენ მივხედავდით და ეს ყველაფერი რომ გაივლიდა, მაშინ მოგვხედავდნენ და მოგვიკითხავდნენ მაინც. იმხელა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ჩვეულებრივად შეიძლებოდა, რომ ადამიანი ჭკუიდან გადასულიყო. მოკითხვას ველოდით მათგან და საპასუხოდ რა მივიღეთ? ამაზრზენი განცხადება ირაკლი კობახიძის, რომელიც მატყუარებს გვიწოდებს, თავს გვესხმის და თავის მართლება გვიწევს. ამორალურად მიმაჩნია, ვამტკიცოთ ის, თუ როგორ დავაღწიეთ თავი იმ საშინელ ჯოჯოხეთს. კობახიძის განცხადებამ გაგვანადგურა მთელი ოჯახის და ის ადამიანები, ვინც გადავურჩით ამ სტიქიას...
ერთი ზარიც კი არ შემოსულა ხელისუფლებიდან, არ უკითხავთ როგორ ვართ, რა გვჭირდება - მედიკამენტები თუ ფსიქოლოგი. ელემენტარული ყურადღებაც კი არ ყოფილა მათგან, ჩვენც ხმას არ ვიღებდით, ოღონდ იმ ხალხისთვის ეშველათ, ვინც შოვში იყო. სამაგიეროდ, დღეს მივიღეთ თავდასხმა და ვართ თავდაცვის პოზიციაში.
მე რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამს ვეცნობოდი, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - ამ ადამიანს უბრალოდ არ უნდოდა, რომ გადავრჩენილიყავით, სხვა ახსნას მე მის ნათქვამს ვერ ვუკეთებდი. ალბათ, უნდოდა, რომ მოვმკვდარიყავით. წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენლებს ასე არ უყვარდეს ადამიანები და ასე გულგრილად ექცეოდნენ მათ.
ამბობს შოვში სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე გადაცემაში სანაია.
დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".