ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. ქვრივიშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის მიმართვა არც ერთ ავიაკომპანიას არ გაუკეთებია.
ქვრივიშვილი ამბობს, რომ კომპანიები, რომლებიც შეძლებენ საქართველოში პირდაპირი ფრენების შესრულებას, არ უნდა იყვნენ სანქცირებულნი.
"ამ ეტაპისთვის, არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან, ამ ეტაპისთვის, არ გვაქვს მომართვა არც ერთი ავიაკომპანიის მხრიდან, მათ შორის, არც სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საამიროებში", - ამბობს ქვრივიშვილი.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ "პირდაპირი რეისები, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ხელშემწყობია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოსთან კავშირისთვის".
"რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე და ეკონომიკის ყველა დარგში, როგორც სახელმწიფო, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს განვითარება. რა თქმა უნდა, რუსეთი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ჩვენი კერძო სექტორიც აქტიურად ახდენს ბიზნესის საქმიანობას, სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად, პირდაპირი რეისები,, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მათ სამშობლოსთან, საქართველოსთან კავშირისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის", - თქვა ქვრივიშვილმა.
* * *
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა. შესაბამისი განკარგულების თანახმად, 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
"ბათილად იქნას ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება" - წერია დოკუმენტში.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.