ქართული ოცნების წევრმა ბექა ოდიშარიამ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ქალი დეპუტატების სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრისას პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანის გამოსვლა გაიხსენა, როდესაც ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა გაშალეს ბანერი, რომელზეც ქართული ოცნების ლოგო იყო გამოსახული წარწერით: "Русский военный корабль иди на х*й".
ამ ფაქტის გახსენებისას, ბექა ოდიშარიამაც ქალი დეპუტატების მისამართით უხამსი მინიშნება გააკეთა.
"არ არ ვიცი, როგორ შეიძლება ქალმა... რამე ქვეცნობიერია, თუ ენატრებათ რამე?! აი ეს რუსკი კარაბლთან დაკავშირებული ლოზუნგი, მე და შალვა პაპუაშვილს გვეკეთა მაშინ, როდესაც ვიყავით ირპინში და ბუჩაში. სამი ქალი რომ გამოიტანს და ქალ მინისტრს ამას გამოუფენს, თუ იქ რა წერია... მორალისტობას თავი დაანებონ", - აცხადებს ბექა ოდიშარია.
31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძქალა" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: "მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".
მოგვიანებით ბერაიამ განაცხადა, "ბოდიშს იხდის", თუმცა აქვე დასძინა, რომ "წითელ ხაზებზე", რომელსაც არ შეეგუებიან. ამასთან, ის თავისი გამოსვლის გამართლებას იმით ცდილობდა, რომ ის აქუბარდიას განცხადებების "სიმძიმიდან გამომდინარეობდა".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.